We Move Your Imagination

სიახლე

სუეცის არხი გახსნილია, მაგრამ ამით პრობლემები არ დასრულებულა

20 აპრილი, 2021

სუეცის არხში სანავიგაციო მიმოსვლის აღდგენიდან ნახევარ თვეზე მეტი გავიდა. თუმცა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლის აზრით, არხის ერთ კვირიანი ბლოკადის შედეგებთან გამკლავება მსოფლიოს კიდევ რამდენიმე თვე მოუწევს. 400მ-ის სიგრძის კონტეინერმზიდი Ever Given-ი  ქვიშის მარწუხებისგან 29 მარტს იხსნეს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ის სამშვიდობოს გავიდა. ამჟამად ხომალდი ეკიპაჟთან ერთად დაკავებულია სუეცის არხის ადმინისტრაციის მიერ. ეგვიპტის მთავრობა კონტეინერმზიდის მფლობელ კომპანიას - Evergreen Marine-ს მიყენებული ზარალის კომპენსაციას სთხოვს. ჯამური თანხა 900 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. ცნობილია, რომ არხში ნავიგაციის შეფერხების ყოველი დღე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას 14-დან 15 მილიონ აშშ დოლარამდე უჯდებოდა. მომჩივანი მხარე, ქვიშის ნაპირებიდან გემის გაყვანისთვის გაწეულ სამუშაოებთან ერთად, რეპუტაციაზე მიყენებული ზარალის ანაზღაურებასაც ითხოვს.

ჩვენ მიმოხილვაში შემოგთავაზებთ იმ გლობალური მოვლენების ანალიზს, რომელთაც არხის ერთ კვირიანმა ბლოკადამ დაუდო საფუძველი. სუეცის მარშუტის მნიშვნელობიდან და მისი ყოველდღიური დატვირთვიდან გამომდინარე, ნავიგაციის შეჩერებამ მთელი რიგი საკითხები გაამწვავა.

უპირველეს ყოვლისა ეს გლობალური ტვირთბრუნვის შეფერხებაა. დომინოს ეფექტის პრინციპით, გადაზიდვების დაგვიანებით გამოწვეული ზარალი უკვე აისახა ბიზნესზე, სხვადასხვა სახის პროდუქტისა და მომსახურების ფასზე. ასე მაგალითად, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სუეცის ერთკვირიანმა ჩაკეტვამ მსოფლიო გლობალური ვაჭრობა 6-დან 10 მილიარდი აშშ დოლარით აზარალა. არხში გაჩხერილი ხომალდი თავად შეიცავდა 9.6 მილიარდის ოდენობის ნაწარმს. შედეგად კი მოსალოდნელია, რომ წლიური სავაჭრო ზრდა 0.2%-დან 0.4%-ით შემცირდეს. მოვლენამ იმოქმედა მსოფლიო ნავთობის ფასზეც. ყოველივე ზემოთქმული კი პირდაპირ-პროპორციულად შეიძლება აისახოს საწვავის ფასზე, ტვირთების დაგვიანებასა და ბიზნეს პროცესების შენელებაზე საქართველოშიც.

მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხი არის არხის ორივე მხარეს, ე.წ. კარანტინზე მდგომი გემების თვალუწვდენელი რიგი, რომლის შემცირებას და საბოლოოდ გაქრობასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება. ცნობისთვის, 29 მარტის მონაცემებით, არხის მხოლოდ ჩრდილოეთ შესასვლელთან, ხმელთაშუა ზღვაში, თავის რიგს 350 სხვადასხვა ტიპის გემი ელოდა. დადგა ამ ხომალდებზე არსებულ ტვირთთა მალფუჭებადობის პრობლემაც. განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ ის გემები, რომლებიც პირუტყვის ტრანსპორტირებას ახორციელებენ.

თავის მხრივ, დროებით სადგომზე ჩამწკრივებულ ხომალდთა სათადარიგო ძრავებმა, რომლებიც ეკიპაჟის ენერგეტიკით მომარაგებას უზრუნველყოფდნენ,  ჰაერში მავნე აირების კონცენტრაციის მკვეთრი ზრდა გამოიწვიეს. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა ევროკავშირის კოსმოსური თანამგზავრისთვის Sentinell-5P. გემთა საკარანტინე სივრცეში, მის მიერ გადაღებულ სურათებზე ნათლად შეიმჩნევა ნახშიროჟანგის არსებულ დონეზე 5-ჯერ მატება (Breakbulk - Ever Given Finds New Ways to Get Stuck). იმატა მიმდებარე ტერიტორიული წყლების დაბინძურების ხარისხმაც.

ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით, მწვავედ დადგა ალტერნატიული სანავიგაციო მარშუტის განვითარების საკითხიც. მაშინ, როდესაც სუეცის არხის გვერდის ავლით, ანუ აფრიკის კონტინენტის შემოვლით, ტვირთის ტრანსპორტირების ხანგრძლივობა აზიიდან ევროპისკენ და პირიქით 8-დან 10 დღემდე იზრდება, გაცილებით მომგებიანი შეიძლება იყოს ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის მარშუტის განვითარება. ცნობილია, რომ აღნიშნულ არელაში ყინულოვანი საფარი წლიდან წლამდე კლებულობს და უკვე არაერთი ევროპული კომპანია, ახალი თაობის გემების მეშვეობით, ცდილობს გაჭრას უმოკლესი გზა აღმოსავლეთისკენ და შეამციროს ტვირთბრუნვის შეფერხების რისკები.