We Move Your Imagination

სიახლე

გლობალური ლოგისტიკა უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე

18 აპრილი, 2022

გასული თვენახევარი მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენ არის მიმართული, სადაც რუსული აგრესიის შედეგად ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. სამხედრო კონფლიქტი ევროპის კონტინენტზე თავისთავად უზარმაზარ გავლენას ახდენს, არა მხოლოდ ევროპაზე, არამედ სხვადასხვა ინდუსტრიებზე გლობალურჭრილში.

გამონაკლისი არც საერთაშორისო გადაზიდვები და ლოგისტიკაა, რომელმაც რადიკალური ცვლილებები განიცადა მსოფლიო თანამეგობრობის მიერ მოსკოვისთვის დაწესებული სანქციების ფონზე.

ქვემომდებარე სტატიაში, ძალიან ზოგადად მიმოვიხილოთ იმ ციფრებს და მდგომარეობას, რაც ამჟამად სუფევს საერთაშორისო ტვირთბრუნვის სექტორში, განსაკუთრებით კი საზღვაო გადაზიდვებში.

ინგლისურენოვანი ჟურნალის Intenrational Transport Journal – ITJ-ის ინფორმაციით, კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის გაანგარიშებით, ომის შედეგად გლობალურმა ტვირთბრუნვამ გასული წლის ანალოგიურ თვის მაჩვენებელთან შედარებით 5.6%-ით იკლო, ეს კი 2020 წლის გაზაფხულს, კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელების შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა. ევროკავშირის ექსპორტის მაჩვენებელი 2.8%-ით შემცირდა, ხოლო ცალკე აღებული გერმანიის ექსპორტი 3.9%-ით. აშშ-ის საექსპორტო მაჩვენებელი 3.6%-ით დავარდა. დსთ-ის ქვეყნების საერთო მაჩვენებელმა კი აღნიშნული მიმართულებით (რუსეთის გამოკლებით) 4%-ანი ვარდნა დააფიქსირა.

ომის პირობებში ყველანაირ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ პროცესებს გამოეთიშა ევროპის უმსხვილესი ქვეყანა, უკრაინა, რომლის ტერიტორიაზეც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. თუ არ ჩავთვლით სამხედრო-ჰუმანიტარულ დახმარებას და რომელიც ძირითადად პოლონეთიდან და ბალტიის ქვეყნებიდან შედის უკრაინაში სახმელეთო და სარკინიგზო გზებით, სხვა ყოველგვარი ეკონომიკური პროცესები სრულიად შეჩერებულია. კიდევ ერთი საერთაშორისო გამოცემის Heavy Lift and Project Forward International – HLPFI-ის ინფორმაციით, გლობალური საზღვაო რისკებისა და ინფორმაციის სააგენტომ Dryad global-მა უკრაინის პორტებში და შავი ზღვის ჩრდილო აკვატორიაში ნებისმიერი კომერციული აქტივობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია გასცა. შედეგად, დღეისთვის უკრაინის თითქმის ყველა პორტი გაჩერებულია.

საერთაშორისო სანქციების ფონზე ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ რუსეთის ფედერაციას მიადგა, სადაც მხოლოდ თებერვლის თვეში ტვირთბრუნვა 11%-ით შემცირდა და ვარდნა მომდევნო თვეებშიც გძელდება. ქვეყნის მთავარ, მოსკოვის შერემეწიევოს აეროპორტში, მთლიანად დაიხურა რამდენიმე სატვირთო ტერმინალი და ტვირთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლები.

ომმა დიდი ზეგავლენა მოახდინა საწვავის ფასზე, რამაც ტვირთების ტრანსპორტირება საგრძნობლად გააძვირა. გარდა ამისა, კრიზისის წინაშე აღმოჩნდა ბევრი საერთაშორისო სატანკერო კომპანიაც, რომელიც ძირითადად რუსული ნავთობის დასავლეთისკენ ტრანსპორტირებით იყო დაკავებული. დღეს ძალიან ბევრი ქვეყანა უარს აცხადებს რუსული საწვავის შეძენაზე, რამაც მის გადაზიდვებზე მოთხოვნა შეამცირა, ისევე როგორც შემცირდა ევროპის ძირითადი გაზისა და ნავთობის გადმამუშავებელი ტერმინალების აქტივობაც. ექსპერტების ვარაუდით, უკრაინაში ომის გახანგრძლივებასთან ერთად აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება.