კონტეინერ Ever-Given-ის თავგადასავალი დასრულდა
კარგად გვახსოვს სუეცის არხში გაჭედილი კონტეინერმზიდი. მაშინ ჩვენ მკითხველს გავაცანით ჩვენი ხედვა და ანალიტიკა ცნობილი მოვლენის შესახებ, როდესაც 400 მ.-ის სიგრძის დატვირთულმა კონტეინერმზიდმა Ever Given-მა საერთაშორისო საზღვაო ნავიგაციისა და ვაჭრობისთვის უმნიშნელოვანესი, 193კმ.-სიგრძის სუეცის არხის სრული ბლოკირება გამოიწვია. ვისაუბრეთ იმ დომინოს ეფექტზე, რომელიც არა მხოლოდ არხის ჩაკეტვას, არამედ კონტეინერმზიდზე არსებული მილიარდობით დოლარის ღირებულების ტვირთის შეყოვნებას შეეძლო გამოეწვია ( https://bit.ly/2VBPRA9 ).
როგორც ცნობილია, 6 დღიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ (რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა), გემი ქვიშის მარწუხებიდან იხსნეს. თუმცა ეგვიპტის მთავრობამ ხომალდი და მისი ეკიპაჟის წევრები ეკონომიკური ზიანის კომპენსაციის გადახდამდე დააკავა.
BBC News-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, თითქმის 100 დღიანი ტყვეობის შემდეგ, Ever Given-მა ქალაქი ისმაილია, სადაც ის იყო გაჩერებული, დატოვა.
ეკიპაჟის, ხომალდისა და მასზე არსებული ტვირთის გათავისუფლების პირობები არ გახმაურდა. SCA-ი (Suez Canal Administration) კომპენსაციის სახით 550 მლნ აშშ დოლარს ითხოვდა. ცნობისთვის დავის დასაწყისში ადმინისტრაციამ 916 მლნ აშშ დოლარი მოითხოვა, რაც მოიცავდა მიყენებული ზარალისთვის 300 მლნ-ს; 300 მლნ-ს სამაშველო ოპერაციისთვის და ასევე კომპენსაციას არხის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანისთვის. მაგრამ მოგვიანებით, ეგვიპტურმა მხარემ მოთხოვნა პრაქტიკულად გაანახევრა.
7 ივლისს გარკვეული პორიბების დაკმაყოფილების შემდეგ, რომელიც არ გასაჯაროვებულა, ხელი მოეწერა გემის გათავისუფლების დოკუმენტს. აქვე აღსანიშნავია, რომ დღემდე არ გახმაურებულა არხში გემის გაჭედვის რეალური მიზეზი. უცნობია იყო ეს გაუარესებულ მეტეო-პირობებში ხომალდის ეკიპაჟის შეცდომა, თუ არხის ადმინისტრაციის მხრიდან დაშვებული გადაცდომა. ეგვიპტური მხარე სრულ პასუხისმგებლობას გემის ეკიპაჟს აკისრებს, ამასთან აღნიშნავს, რომ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების დროს გემების გაცილების პროტოკოლს არ შეცვლის, მაგრამ დასძენს, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა დააჩქარა არხის სიგანის გაფართოების შესახებ გეგმების შემუშავება.
მოგახსენებთ, რომ Ever Given-ს ინდური ეკიპაჟი მართავს და მასზე ჯერ კიდევ განთავსებულია 18,300 კონტეინერი. ცნობილი საერთაშორისო გამოცემა Wall Street Journal-ის მიხედვით, გემი როტერდამის პორტში შესვლამდე წყალქვეშა მყვინთავების მხრიდან კონსტრუქციული მდგომარეობის შესახებ დეტალურ შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის საპორტო ქალაქ ფელიქსტოუში დადგება და დაიცლება.
წყარო ( Ever Given: Ship that blocked Suez Canal sets sail after deal signed - BBC News )
ფოტო © - საინფორმაციო სააგენტო Reuters