მყარ ქანებში გვირაბსაბურღი ყველაზე დიდი მანქანის საქართველოში ტრანსპორტირების პროექტი
Ჩვენი შვილობილი კომპანია LS Heavylift-ის პორტფელი არაერთ ისეთ პროექტს მოიცავს, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდება. გვეამაყება და მოტივაციას გვაძლევს ფაქტი, რომ ჩვენი წვლილიც არის ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისა და ინფრასტრუქტურული განვითარების საქმეში.
მსოფლიოში ყველაზე დიდი მყარქანიანი გვირაბსაბურღი მანქანის (Tunnel Boring Machine – TBM) საქართველოში ტრანსპორტირება სწორედ ასეთი პროექტების რიგებს მიეკუთვნება. თავის თავში ის მოიცავდა ლოგისტიკასთან დაკავშირებულ ყველა სახის გამოწვევას, რომელსაც LS Heavylift-ი მდიდარი გამოცდილებითა და მაღალი პროფესიონალიზმით გაუმკლავდა.
ჩინური კომპანიის CERG Solutions-ის აგრეგატი საქართველოში, კობი-ქვეშეთის გზის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი 9კმ-ანი გვირაბის გასაჭრელად ჩამოიტანეს. 2021 წლის იანვარში TBM-ის რამდენიმე ასეული მაკომპლექტებელი ქ. ფოთის პორტში, გემით შემოვიდა.
ფოთის პორტიდან მაკომპლექტებლები 404 კმ-ის მოშორებით, ყაზბეგის რაიონში მდებარე სოფელ კობში უნდა გადაზიდულიყო. ტვირთების რაოდენობის გათვალისწინებით ამისთვის საშუალოდ 150 საგზაო რეისის განხორციელება საჭიროებდა. გადასაზიდი დეტალების ნახევარზე მეტი არაგაბარიტული და ზენორმატიული სახის იყო.
საწყის ეტაპზე ჩვენი გუნდი მარშუტის კვლევას და დაგეგმარებას შეუდგა. გასავლელი გზა პირობითად, სამ ეტაპად დაიყო: ფოთის პორტიდან რიკოთის უღელტეხილამდე; რიკოთის უღელტეხილიდან მცხეთა-მთიანეთში მდებარე სოფელ ხანდომდე და სოფელ ხანდოდან საბოლოო დანიშნულებამდე - სოფელ კობამდე. რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით ყველაზე რთულს გზის მესამე ნაწილი წარმოადგენდა - კობი-გუდაურის მონაკვეთი გზის სივიწროვით, უღელტეხილოვანი გადასასვლელებით, მკვეთრი მოსახვევებით და ამავდროულად დატვირთული საერთაშორისო სატრანზიტო ნაკადით. ამას გარდა, მონაკვეთს ზოგადად ართულებს ზამთრის პერიოდიც, როცა ტემპერატურა ხშირად ნულ გრადუსს მნიშვნელოვნად ჩამოსცდება, ადგილი აქვს დიდთოვლობას და ზვავსაშიშროებას.
სწორედ აღნიშნული პრობლემების გადაჭრისთვის შემუშავდა გზის მოდერნიზების პროექტი და მის ფარგლებში 9 კილომეტრიანი გვირაბის გაჭრა, რისთვისაც საჭირო გახდა TBM-ის მთებში ტრანსპორტირება.
მარშრუტის დაგეგმარების პროცესში, ერთ-ერთ პირველ საკითხს მდინარე ხანდოზე გადასასვლელი ხიდი წარმოადგენდა. Რკინის თაღოვანი კონსტრუქცია, დაბალი სიმაღლის გამო არ იძლეოდა არაგაბარიტული ტვირთების გატარების საშუალებას. პრობლემის გადაჭრისთვის, გაიჭრა 400მ-სიგრძის შემოვლითი გრუნტის გზა, რომელიც მოგვიანებით, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ავტოკოლონათა დროებით სადგომადაც გამოიყენებოდა.
მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხი მარშრუტის მთელ სიგრძეზე არსებული თითოეული სახიდე გადასასვლელის სიმძიმეზე შემოწმება იყო. ასეთ გადასასვლელს კი 40-ზე მეტ ადგილას ვხვდებით. მათი ვერტიკალური სიხისტის შემოწმების მიზნით LS Heavylift-მა ჯერ კიდევ 2020-წლის ზაფხულში თავისი გამწევი დაიტვირთა ისე, რომ ავტომატარებლის ჯამურმა მასამ მიაღწია 160 ტონას და გადაიარა გზაზე შემხვედრი თითოეული ხიდი.
მორიგი ურთულესი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა კურორტ გუდაურთან არსებული ზვავსაწინააღმდეგო გალერეა იყო. მისი სიგანე არ იძლეოდა ყველაზე ფართე მაკომპლექტებლების გატარების საშუალებას. ასეთი დეტალები კი გახლდათ გვირაბსაბურღის წრიული საკისარი - ჯამში 4 ერთეული. მათი მაქსიმალური დიამეტრი - 8 მეტრი გამორიცხავდა ზვავსაწინააღმდეგო გალერეაში გატევას.
პრობლემის გადასაჭრელად ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით წრიული დეტალები მისაბლელზე 25-გრადუსიანი დახრით უნდა განთავსებულოყო. ასეთ პოზიციაში ვიწრო გვირაბში განიერი ტვირთების გატარება პრობლემას აღარ წარმოადგენდა. თუმცა, უსაფრთხოებისთვის აუცილებელი იყო სიმულაციის ჩატარება. LS Heavylift-მა შექმნა საკისრის ზომებთან სრულიად იდენტური სპეციალური მაკეტი და ლოჟემენტი, რომელზედაც ის ზემოხსენებულ პოზიციაში მოთავსდებოიდა და პროექტის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე განახორციელა ვიწრო გვირაბში მისი ტესტ-გატარება.
სატრანსპორტო ოპერაციების განხორციელება ღამის საათებში გადაწყდა. ასეთ დროს გამოირიცხება საგზაო საცობების შექმნა და ტვირთების გატარებაც მარტივდება. მსუბუქი ავტომობილი ხანდოს ხევიდან კობამდე მანძილის დაახლოებით 1 საათში ფარავს, მაგრამ ზენორმატიული ტვირთით დატვირთულ ავტოგამწევებს სულ მცირე 6-7 საათი ესაჭიროებათ. კლდოვან ხევში გაყვანილი ვიწრო გზის პირობებში, არაგაბარიტული ფართე ტვირთი მთლიანად იკავებს გზის განივს. ამ დროს მას გვერდს ვეღარ უქცევს შემხვედრი თუ თანმდევი ავტომობილი. შესაბამისად, კრიტიკული ვითარების წარმოქმნის შემთხვევაში, ერთ მხარეს მდებარე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები ვერ მოახერხებდნენ დროულ მისვლას მეორე მხარეს არსებულ შემთხვევის ადგილამდე. ამასთან, ყოველთვის ჩნდება რისკი, რომ დატვირთული ავტოკოლონა ტექნიკური ხარვეზის გამო შუა გზაზე გაჩერდეს და გაცილებით დიდი ხნით მთლიანად ჩახერგოს გზა.
რისკის გამოსარიცხად, შემუშავდა ბრიგადების სხვადასხვა მხარეს გადანაწილების სპეციალური გეგმა, ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში გზაზე მიმავალ მრავალტონიან განიერ კოლონას მათთვის ხელი აღარ შეეშალა. ასევე მთელს მარშუტზე დაიგეგმა და მოეწყო ე.წ. საგზაო ჯიბეები, სადაც დატვირთული მანქანები საჭიროებისამებრ შეძლებდნენ შესლას და გზის დათმობას.
უკანასკნელ გამოწვევას არსებული სატრანზიტო მიმოსვლა და კობი-გუდაურის მთებში ზამთრის პერიოდი წარმოადგენდა. დიდთოვლობის გამო აქ გზები ძალიან ხშირად იხერგება. ძლიერი ყინვები კი ტექნიკისადმი გაორმაგებულ ყურადღებასა და დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლისთვის აუცილებელი იყო საგზაო პატრულის მიერ დაწესებული ე.წ. დროითი რეჟიმების მკაცრი დაცვა. გადაზიდვის ოპერაცია უნდა დაწყებულიყო კონკრეტულ დროსა და ადგილას და დასრულებულიყო კონკრეტულ დროსა და ადგილზე. არცერთი წუთით ადრე - არცერთი წუთით გვიან.
2021 წლის იანვრიდან ივლისის თვის ჩათვლით, ნაბიჯ-ნაბიჯ, რუდუნებითა და ერთ გუნდად შეკრული, LS Heavylift-ის პროფესიონალმა გუნდმა უპირობოდ შეასრულა თითოეული დავალება. მორიგი საინტერესო მაგრამ ურთულესი პროექტი ნახევარ წელიწადში, შეფერხებების გარეშე წარმატებით შესრულდა.
ტრანსპორტირების მასშტაბებს თავად დასრულებული TBM-ის ზომებიც მოწმობს. აწყობილ მდგომარეობაში გვირაბსაბურღი მანქანის მონაცემებმა სიგრძეში 182 მეტრს, ჯამში 4900 ტონას და სიგანეში 15.8მ დიამეტრი შეადგინა.